ჩერგოლეიშვილის პოსტს გავეცანი და თუ ეს სიმართლეა, მოხსენებულმა პირებმა თვითონ უნდა გააკეთონ კომენტარი, მე ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა.
დავით კირკიტაძის განცხადებით, სამწუხაროა, თუ სიმართლეა ის, რაზეც ჩერგოლეიშვილი საუბრობს.
„ძალიან ვწუხვარ, თუ ოდესმე მსგავსი პოზიცია ჰქონდა ნიკა მელიას. არ მინდა ამ ვოისზე საუბარი. თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს გავეცანი და თუ ეს სიმართლეა, მოხსენებულმა პირებმა თვითონ უნდა გააკეთონ კომენტარი, მე ვერაფერს ვიტყვი. ერთი შემიძლია ვთქვა, მე არასდროს ამ ვოისზე თუ ჩანაწერზე კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ თუ სიმართლეა, რასაც თამარი ამბობდა, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პოზიცია ჰქონდა და ამ ფორმებში გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავთ თუ არა, რომ ჩანაწერი კეზერაშვილმა არჩევნების პერიოდში გაავრცელა, კირკიტაძემ აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ვოისმესიჯი ჩაგდებული ჩათში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებითა და ეპითეტებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.