რატომ არის აუცილებელი და რა სარგებელს მოუტანს საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება - ამ საკითხზე posTV-ის ეთერში „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ ისაუბრა.
მისი თქმით, კანონი იძლევა საშუალებას, საქართველომ აიცილოს რისკები, რომლებიც დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას ახლავს თან.
„ვფიქრობ, ეს კანონი აქამდეც იყო მისაღები, თუმცა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ შესანიშნავად განმარტა, თუ რატომ დღეს. დიახ, დღეს, სწორედ იმიტომ, რომ ახლა მსოფლიოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, გეოპოლიტიკურად საქართველო ზუსტად იქ იმყოფება, სადაც რისკები ძალიან გაზრდილია. ამ რისკების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის სწორედ ახლა მიღება“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.
მისივე თქმით, დოკუმენტის ამოქმედების მთავარი მიზანი გამჭვირვალობაა.
„ხალხმა უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებენ სუბიექტები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და, გარკვეულწილად, გადაწყვეტილებებშიც კი მონაწილეობენ - მიტინგებზე გამოდიან და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ვფიქრობთ, რომ მათი ფინანსების გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, თუ რომელი ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებენ ეს სუბიექტები. კ
კანონპროექტის თანახმად, იმ სუბიექტებმა, რომელთა ძირითადი შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხო ქვეყნიდან შემომავალი თანხები, რეესტრში რეგისტრაცია უნდა გაიარონ და დეკლარაცია შეავსონ. ამის შემდეგ საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ მათი მოქმედება და მიმართულებები გამჭვირვალედ დაინახოს და უკვე ხალხის არჩევანი იქნება, რომელ სუბიექტს უნდა ენდოს, რომელია მისთვის უფრო მისაღები. საზოგადოების ინფორმირება ქვეყნისთვის ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და მეტ სიძლიერეს გულისხმობს. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი დონორებისთვისაც“, - აცხადებს დავით კაჭარავა.