თუ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, როგორც უკრაინის მოქალაქე, კანონით ჩვენ უნდა გადმოგვეცეს - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ის ჩვენ უნდა გადმოგვეცეს, თუკი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ჩვენ ვამბობდით, რომ აქ მოიხადოს სასჯელი, მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა, მან თავისი წონის 2/3-ი დაკარგა, ის ცუდადაა. მესმის, რომ მისი პრეზიდენტობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებებია. ბევრს უყვარს, ბევრს შეიძლება  სძულს, მაგრამ საქმე ამაში აღარაა, კარგი გააკეთა თუ ცუდი ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ მან ბევრი გააკეთა. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ის ციხეში მოკლეს. არა მგონია ბევრმა ქართველმა პირველ რიგში ეს საკუთარ თავს აპატიოს და შემდეგ მთავრობას. ასეთი მთავრობა კი ვერასოდეს იქნება  სახელმწიფოს სათავეში, ამის შემდეგ. მე რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელი ვიყო, არ დავუშვებდი, რომ პრეზიდენტი სიკვდილამდე მიიყვანონ.  ჩვენ აქაც გვაქვს წინააღმდეგობები, პოროშენკოს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია მისი ციხეში ჩასმა  და ბარბაროსული მეთოდებით მასთან ბრძოლა“- აღნიშნა არახამიამ.