"ჩვენი მოძრაობის შექმნის დღესვე იქნა გაცხადებული, ერთი წლის წინ, რომ დაახლოებით, ერთი წლის თავზე გარდავიქმნებოდით პოლიტიკურ პარტიად და დღეს იყო ის დღე, როდესაც გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ პარტიად ჩამოყალიბებულიყო.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის ნეიტრალიტეტის პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება ძალიან კარგი შენაძენი ქვეყნისთვის.
"ვფიქრობ, საქართველოს მომავლისათვის და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის ნეიტრალიტეტის პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება ძალიან კარგი შენაძენი. საქართველოს მომავლისთვის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ეს იქნება ძალიან კარი პლატფორმა", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.







