თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რის მხარდასაჭერად ჩამოვიდა თბილისში და ზეწოლას არავინ დაექვემდებარება, მათ მიმართ დამცინავ მიდგომას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რაც საქართველოს აქვს ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორც ევროინტეგრაციის, ისე მშვიდობის, უსაფრთხოების დაცვის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. დღეს ჩვენ  ერთად ვიდგებით თბილისში, რუსთაველზე, საქართველოს შუაგულში, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანობა და საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება, რაზეც ვმუშაობთ მოქალაქეებთან ერთად და რაც არის ჩვენი შვილების მომავალი.

ამიტომ, თითოეული მოქალაქის აქ ყოფნა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობები, ვისაც თავი მოაქვს, თითქოს მათ აქვთ მონოპოლია საქართველოში ჭეშმარიტებაზე, მოსაზრებაზე, შეფასებებზე, იყო პარტიზანული მივარდნები, გადაღებები რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, თითქოს თვითონ კარგად პასუხობენ ყველაფერს.

თითოეულმა ძალიან კარგად იცის, რის მხარდასაჭერად დგას, რის მხარდასაჭერად ჩამოვიდა თბილისში და ასეთი ტიპის ზეწოლას არავინ დაექვემდებარება. პოლიტიკოსები ვუპასუხებთ შეკითხვებს, თუნდაც ყველაზე ცინიკურ შეკითხვებს, მოქალაქეების მიმართ ასეთ ცინიკურ, დამცინავ მიდგომას არ დავუშვებთ. ამ ადამიანებს თუ დასცინით, არჩევნებზე მიიღებთ შედეგს, არჩევნებზე ნახავთ, რა მხარდაჭერა გაქვთ რეალურად. დღეს, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დგას იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, საქართველოს ევროპული მომავალი და რაც მთავარია, სიმართლის დაცვა. სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ჩვენს მხარეს, სადაც ხელისუფლება და საზოგადოება დღეს ერთად ვდგავართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.