ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს, ბატონმა მამუკამ ძალიან ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„მან აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და რაც ამომრჩეველმა დაგვავალა არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, თუმცა მეც მინდა, რომ გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ნამდვილად ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ბატონმა ალეკომ ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში. რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.