საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნა ვნახეთ, სადაც არაერთი რეკომენდაცია არის გაცემული. ფაქტობრივად, ფუნდამენტურად არის შესწავლილი ფასწარმოქმნის ის ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტზე ფასებს განაპირობებს, – ​​ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიდგომაა ის, თუ როგორი უნდა იყოს მმართველ გუნდსა და ბიზნესს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

„გაცემულია რეკომენდაციები, რომლითაც პირობითად, შეიძლება, დაიწყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გადაჭრის გზებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, ფასების კლებასთან მოგვიყვანს. ერთ-ერთი მოკლევადიანი გადასადგმელი ნაბიჯი არის კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელზეც სხვადასხვა ქვეყანა მუშაობდა და მუშაობს, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებსაც შეამცირებს. მიდგომა გვაქვს, როგორი უნდა იყოს მმართველ გუნდსა და ბიზნესს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. წარმოუდგენელია, ეს სხვანაირად არსებობდეს. თუ არ არსებობს ბიზნესი, არ არსებობს ეკონომიკა, შესაბამისად, არც სამუშაო ადგილები იქმნება, არც ეკონომიკა ვითარდება და კიდევ უფრო მძიმედ აწვება ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის სოციალურ გარემოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის დგას მაღალი ფასების, არეულობის, სიძულვილის ენის მხარეს, რათა როგორმე გაუარესდეს სოციალური გარემო და ამით შეეცადონ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას.

„ჩვენ რომ ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი ხელისუფლება, მაშინ მარტივად გვექნებოდა ზეწოლა ბიზნესზე. ბიზნესი იქნებოდა პირდაპირ ხელისუფლების მართული, რასაც არ ვაკეთებთ და არც არასდროს გავაკეთებთ. 2012 წლის შემდეგ, ბიზნესი თავისუფალია. მთავარია, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ბოლო დღეებში ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, ბიზნესის მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფასები უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები. ეს ბალანსია დასაჭერი, სადაც ბიზნესმა, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა იმუშაოს და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯების სახით. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დგას გაზრდილი ფასების მხარეს. ისინი ყოველთვის დგანან მაღალი ფასების, არეულობის, სიძულვილის ენის მხარეს, რომ როგორმე სოციალური გარემო გაუარესდეს და ამით შეეცადონ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა პირველ მაისს მიიღო.