თეთრი წყაროს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის განცხადებით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე სამოქალაქო აქტივისტია და მოსამართლეს საქმეზე თვითაცილება უნდა გაეკეთებინა.
ასევე, განმარტავენ, რომ საქმე პოლიტიკურია და ოპოზიცია ეცდება ფაქტი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
"ნაცაქტივს" დიდი ზეიმი აქვს წარმოდგენილი და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესით და რიგით ალბათ თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, თუ ვიმსჯელებთ მისი მეუღლე რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი რომ იქით გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას მოკლებული და მხოლოდ სწორება აქვს იმ აგენტურულ და "ნაცურ" ნარატივზე, რომელზედაც ასე ხშირად გვესმის უკვე 2 თვის განმავლობაში.
ექნებათ მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის გადატრიალების მცდელობისთვის გამოიყენონ, რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიცავს თავის ღირსებას და აუცილებად ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით და სააპელაციო სასამართლოში სამართლიანობა იზეიმებს. გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი და კანონიერი, რომ საია-ს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.
როგორც სოციალური ქსელებით გახდა ცნობილი, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე პოლიტიკურად აქტიურია და ის საკუთარ გვერდზე ხელისუფლების საწინააღმდეგო ვიდეომიმართვებს და ოპოზიციის მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აზიარებს.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.
სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.