არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე ბრალდებებს პასუხობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით, კენჭისყრა, მცირედი ხარვეზების მიუხედავად, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა, რასაც ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნაც ადასტურებს.

"არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეცა ხმა, დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი. რა თქმა უნდა, ცალკეული დარღვევები და ძალადობის ფაქტები იყო, მაგალითად ხობში, ისანში, ვაზისუბანში. ჩვენი მხარდამჭერები, პირდაპირი მნიშვნელობით, გალახეს და ამაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია არცერთი სადამკვირვებლო მისიას, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტები არსებობს, მათ შორის, ჩვენი გუნდის წევრებზე ძალადობისა, საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ვალდებულია, რომ შედეგები აღიაროს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.