როდესაც ხელისუფლება დღისით, მზისით, მოურიდებლად თავზე გვახევს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა გავწიოთ წინააღმდეგობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„წინააღმდეგობაში არ არის არაფერი არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა შენარჩუნდეს როგორც დემოკრატია, სადაც თავისუფალ ადამიანებს დაედგომებათ, სადაც რუსეთისგან განსხვავებით ჟურნალისტებს არ კლავენ, არ წამლავენ ან აიძულებენ ქვეყანა დატოვონ, ასეთ ადამიანებს გვაქვს უფლებაც და ვალდებულებაც, რომ ამ რუსულ კანონს და მის შედეგებს, რომელიც ვიცით უკვე რუსეთში როგორი იყო, გავუწიოთ წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა უნდა იყოს მრავალფუნქციური, ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს პარლამენტშიც და ყველა სივრცეში, სადაც არის სახელმწიფო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.