საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იგრძნოს.
"საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა, ჩვენ გუშინაც ვაჩვენეთ, დღესაც და ხვალაც ვაჩვენებთ რამდენად უსუსურია "ქართული ოცნების" არგუმენტები, მაგრამ მთავარი მსაჯული ამ საკითხში არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ იმიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ამ ქვეყანაში ყველამ, ხელისუფლების ყველა შტომ იგრძნოს პასუხისმგებლობა და მათაც ჰქონდეთ პერსონალური არჩევანი, დაარღვევენ 78-ე მუხლს თუ დაიცავენ," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.