"გიორგი, მოიხედეთ, ერთი წამი. რა დღეში ხარ ერთი მითხარი რა, რა დღეში ხარ ერთი გამაგებინე. რა იყო, შეგეშინდა, წახვედი, ეხლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ და დგახარ ეხლა და გგონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ალუდა ღუდუშაურმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის წევრებს "ონლაინ" ჩართვით პასუხობს.

" შენ ეტყობა თუთაშხიას ბევრს უყურებდი, ის გაპარვის ეპიზოდი როა, ხო იცი, რა საოცრად წავიდა, ხოდა გაეცი ეხლა პასუხები კითხვებს. უყურე ერთი ამას რაა, ბალატაობს აქ" - უთხრა გიორგი გახარიას  ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, დღეს   საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება. სადაც  განხილული იქნება სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი; 2004-20012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო.   

"ჩორჩანას საქმეზე" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი გამოიკითხა.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი  

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.