ჟურნალმა The Atlantic-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს შორის მიმოწერის ე.წ. სქრინშოთებია დართული.

„ჰეგსეტის, გაბარდის, რეტკლიფისა და ტრამპის განცხადებების მიხედვით, ჩვენ ვიტყუებით ჩატის ტექსტების შინაარსზე, ამან დაგვაფიქრა და გადაგვაწყვეტინა, რომ ადამიანებმა უნდა ნახონ სრული ტექსტები, რათა გამოიტანონ საკუთარი დასკვნები. აშკარაა საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ, შეამცირონ გაზიარებული გზავნილების მნიშვნელობა“, – წერს The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი.

ფოტოების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა 15 მარტს, იემენში ჰუსიტებზე თავდასხმის დრო და დეტალები Signal-ის ჩატში ჯგუფში მყოფ პირებს გაუზიარა.

სტატიას გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი, რომელმაც გააკრიტიკა სტატია და აღნიშნა, რომ ეს არის „კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც დაწერილია ტრამპის მოძულე კაცის მიერ“.

შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, პასუხისმგებლობა აიღო იემენის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

თარგმანი: პირველი არხი