უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უმაღლეს რადას სთავაზობს 8 მაისის მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს, ხოლო 9 მაისს არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე იყოს. შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადას პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა.
ზელენსკიმ მოქალაქეებს 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში, ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მიმართა.
"8 მაისს უკრაინასა და თავისუფალ სამყაროში კაცობრიობის ისტორიაში ექვს საშინელ წელს იხსენებენ. 1939 წლიდან 1945 წლამდე... წლები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და სისასტიკის წლები, სისხლიანი ბრძოლები, დაბომბვები, ბლოკადები და მასობრივი სიკვდილით დასჯა, ჰოლოკოსტი, მთელი ბოროტება, რაც ნაციზმმა მოუტანა მსოფლიოს, მოუტანა ჩვენს მიწას.
სხვადასხვა ხალხი ერთიანად, ალიანსში, როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის ნაწილი, ეწინააღმდეგებოდა ბოროტებას. ევროპისა და ამერიკის ხალხები... აზია, ავსტრალია, აფრიკა – თითოეულს აქვს ამ ომში ბრძოლის საკუთარი ისტორია, მაგრამ გამარჯვების საერთო ისტორია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ 8 მაისს ზეიმობს ნაციზმზე გამარჯვების სიდიადეს მსოფლიოს ხალხთა უმეტესობა. სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერმახტის უპირობო ჩაბარების აქტი. და სწორედ 8 მაისს მიაგებს მსოფლიო პატივს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა.
მისი თქმით, უკრაინელები არასოდეს დაივიწყებენ თავიანთი ხალხის წვლილს ნაციზმზე გამარჯვებაში და "არავის მივცემთ უფლებას წაშალოს უკრაინელების როლი ამ გამარჯვებაში, ჩვენი ხალხის, იმ თაობის, რომელთა ხსოვნაც თითქმის ყველა ოჯახში ვაფასებთ."