უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გააკეთა კომენტარი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებზე, რის შედეგადაც კიევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ცეცხლი გაჩნდა მინისტრთა კაბინეტის შენობაში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალი ჩვილთან ერთად.
"ასეთი მკვლელობები ახლა, როცა დიდი ხანია, შეიძლებოდა დაწყებულიყო რეალური დიპლომატია, არის შეგნებული დანაშაული ომის გასაჭიანურებლად. ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ საუბარზე უარის შემთხვევაში სანქციები იქნება. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაზედაც პარიზში შევთანხმდით", – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პარტნიორებს, უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასცენ. მისი თქმით, "თითოეული დამატებითი სისტემა იცავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ამ ვერაგი შეტევებისგან".
რუსეთმა 7 სექტემბერს მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუგსა და კრივოი-როგში.