რუსეთში სანქციების გამო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, წერს The Wall Street Journal.
კერძოდ, გერმანული საავიაციო მონაცემთა ბაზის Jacdec-ის მონაცემებით, რომელიც მსგავს შემთხვევებს ადევნებს თვალს, თუ 2022 წელს 36 ამგვარი ინციდენტი დაფიქსირდა, 2023 წელს - 74. ამავდროულად, გასულ წელს 100 ათას ფრენაზე უსაფრთხოების წესები საშუალოდ 9,9 დარღვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5 იყო, ხოლო 2019 წელს - 4.5.
მაგალითად მოყვანილია „ურალის ავიახაზების“ ომსკისკენ მიმავალ 1383 რეისზე მომხდარი ინციდენტი. გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟმა გადაწყვიტა, თვითმფრინავი სხვა აეროპორტში გაეგზავნა, მაგრამ შეამჩნიეს, რომ ამის გამო თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა საწვავს და ისინი დაეშვნენ მინდორში, რუსეთის სამხრეთში.
ამასთან, როგორც აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს, რის შედეგადაც დასავლური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები არ მიეწოდება რუსეთს, არ არის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა და არ ხორციელდება საჭირო ტექნიკური მომსახურება, ჯერ არ მოჰყოლია სერიოზული კატასტროფები, მექანიკური პრობლემები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას და ზრდის პილოტების დატვირთვას. კეთდება დასკვნა, რომ უახლოეს მომავალში ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული ინციდენტები.
დაწესებული შეზღუდვების გამო, სახელმწიფომ რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მისცა, გაახანგრძლივონ ტექმომსახურების ინტერვალები, ასევე დამოუკიდებლად ჩაერთონ თვითმფრინავების კაპიტალურ რემონტში.
აღნიშნულია, რომ რუსეთის ავიახაზების ინდუსტრია განსაკუთრებით მწვავედ განიცდის მუხრუჭების დეფიციტს, რის გამოც იძულებულნი არიან, თვითმფრინავები სარემონტოდ ირანში გადაიყვანონ.
სიტუაციის გაუმჯობესების ერთადერთი გზად რუსული წარმოების თვითმფრინავებზე გადასვლას ასახელებენ, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი 2030 წლამდე საეჭვოა, დაიწყოს.