The Wall Street Journal-ი აშშ-ს სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელზე თავდასასხმელად განკუთვნილი ირანული ბალისტიკური რაკეტების დაახლოებით 50% ვერ აფრინდა, ან სამიზნესთან მიღწევამდე ჩამოვარდა.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 14 აპრილის პირველ საათებში ირანმა გაუშვა 115-130 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნახევარიც წარმატებით უვნებელყვეს, დანარჩენები კი თავისით ჩამოცვივდნენ და სამიზნეს ვერ მიაღწიეს.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.