რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს ეწვევა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა ორშაბათს განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება პუტინსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის ორმხრივი შეხვედრის თაობაზე. მანამდე პუტინის განზრახვის შესახებ, სსწვეოდა აშხაბადს და ირანის პრეზიდენტს შეხვედროდა, არ იუწყებოდნენ.

პეზეშკიანი, მრავალი ინფორმაციით, აპირებს, დაესწროს BRICS-ის სამიტ ყაზანში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ამ ღონისძიების ფარგლებშია დაგეგმილი მისი შეხვედრა პუტინთანაც. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა და ირანმა შესაძლოა ხელი მოაწერონ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას - ამ დოკუმენტის ტექსტი უკვე მომზადებულია, თუმცა დეტალები, თუ რას შეიცავს იგი, უცნობია. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც მსგავსი სახელი აქვს, ითვალისწინებს, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნებმა სამხედრო დახმარება გაუწიონ ერთმანეთს მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

უშაკოვს არ უთქვამს, რატომ დადგა საჭიროება პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორის მორიგი შეხვედრის ორ კვირაში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს „ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გაუარესებული სიტუაციის განსახილველად“. ირანმა ცოტა ხნის წინ ისრაელზე მეორე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა წელს. ისრაელი ახორციელებს ოპერაციას ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური შიიტური ჯგუფის "ჰეზბოლას" წინააღმდეგ და ასევე აცხადებს, რომ უპასუხებს ირანის თავდასხმას.