ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.
როგორც მან ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.
"რუსეთი იბრძვის, რათა დაასრულოს უკრაინა, უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს. რუსეთი წარსულისთვის იბრძვის, უკრაინა უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა იცავს და ეს კონტრასტი ყველაზე კარგად ხარკოვში იგრძნობა.
ორი წლის წინ ხარკოველებმა რუსებს უკან დახევა აიძულეს და მას შემდეგ არა მხოლოდ ხელახლა განაახლეს ქალაქი, არამედ გახსნეს ახალი კულტურული ცენტრები, მაგრამ ახლა იქ ისევ წვიმს რუსული ბომბები, რომლებიც სამიზნეში იღებენ საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ცენტრებს. პუტინს ქალაქის განადგურება სურს. ასე რომ, ხარკოვს და უკრაინას სჭირდება ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა და სწორედ ამან შეგვკრიბა დღეს აქ, ბერლინში. პუტინი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ ფერფლისგან აღდგეს და იყოს საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი. მოლაპარაკებებზე უკრაინამ შეასრულა ჩვენს მიერ განსაზღვრული ყველა ნაბიჯი და სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან უნდა დაიწყოს უკვე ამ თვის ბოლოს.
პრეზიდენტო, ზელენსკი, ეს უკრაინის პირველი აღდგენის კონფერენციაა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ტარდება და სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი ქვეყნის ადგილია. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლი", – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.