ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირე და ამერიკის დახმარების უმსხვილესი მიმღებია, ცოტა ხნის წინ სამხედრო უწყებებს რუსეთში ფარულად 40 ათასამდე რაკეტის გაგზავნა უბრძანა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post პენტაგონიდან გაჟონილ ინფორმაციებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, დოკუმენტში „გრიფით საიდუმლოდ“, რომელიც 17 თებერვლით არის დათარიღებული, მოცემულია სავარაუდო საუბრები სისისა და ეგვიპტელ მაღალჩინოსან სამხედროებს შორს, დოკუმენტში ასევე ნახსენებია რუსეთში საარტილერიო ჭურვებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის გეგმებიც. დოკუმენტის თანახმად, სისიმ მაღალჩინოსნებს უბრძანა, საიდუმლოდ შეენახათ ჭურვების წარმოება და რუსეთში გაგზავნა დასავლეთთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნული ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაურევლობის პოზიციას ინარჩუნებენ და მხარეებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღების გაგზავნის გეგმა არ განხორციელებულა.