რუსეთის მსხვერპლი უკრაინის ომში კატასტროფულად მაღალია, მისი საგაზაფხულო შეტევა კი ჩაფლავდა. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, რუსეთი ტერიტორიებს მცირედით, თუმცა უწყვეტად კარგავს. ამის შესახებ დეტალურ მასალას ჟურნალი The Economist ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 12 მაისის მონაცემებით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 280-დან 518 ათასამდე მერყეობს.

საერთო დანაკარგები (დაჭრილების ჩათვლით) 1.1–1.5 მილიონს აღწევს, რაც რუსეთის ომამდელი, გასაწვევი ასაკის მამაკაცთა 3%-ია.

ეს გათვლები სადაზვერვო უწყებების, თავდაცვის მაღალჩინოსნებისა და დამოუკიდებელი მკვლევრების მონაცემებს ეყრდნობა. ამას ემატება თავად ჟურნალის საომარი ტრეკერი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მიხედვით ყოველდღიურ მსხვერპლს აფასებს.

უკრაინის დანაკარგებზე ზუსტი მონაცემები მსგავსი მოდელირებისთვის არასაკმარისია, თუმცა CSIS-ის შეფასებით, დეკემბრისთვის ქვეყნის საერთო დანაკარგები 600 ათასს აღწევდა (აქედან 100-140 ათასი დაღუპული) - ეს მაჩვენებელი, ომამდელ მოსახლეობასთან პროპორციით, უკრაინისთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში.

The Economist-ის თანახმად, ჟურნალის ანალიზი ასევე მოიცავს დევნილობაში მყოფი რუსული გამოცემების, "მედუზასა" და "მედიაზონას" ახალ მონაცემებს.

ნეკროლოგების, სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი ახალი ამბების საფუძველზე, ამ გამოცემების ბაზაში იდენტიფიცირებულია 218 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი.

ამ რიცხვებს ისინი სამკვიდრო მოწმობების რეესტრს ადარებენ, რათა აღურიცხავი მსხვერპლი დაადგინონ.

ახლახან მათ დაამატეს სასამართლო გადაწყვეტილებებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და იმ სამხედროთა შესახებ, რომლებიც უცხედროდ გამოცხადდნენ დაღუპულად.