The Business Insider "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სასახლის ბუნკერის" ნახაზებს აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება, "გელენჯიკთან მდებარე სასახლის ნახაზები და სქემები საპროექტო კომპანია "მეტროსტილის" საიტზე ინახება და ობიექტი პანსიონატადაა მოხსენიებული".
"ნახაზების თანახმად, კომპლექსს მიწისქვეშა სართულები და გვირაბები აქვს. მიწისზედა შენობიდან ლიფტი დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე ჩადის. კომპლექსის მიწისქვეშა ნაწილი უზრუნველყოფილია ვენტილაციის, ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და საკომუნიკაციო სისტემით. ბეტონის გარსითაა დაცული 6 მეტრის სიგანის და 40-60 მეტრი სიგრძის ორი გვირაბი, რომლებსაც, სპეციალისტების შეფასებით, შეუძლიათ გაუძლონ ბომბით პირდაპირ დარტყმას. ერთი გვირაბი ქვიშიან ფერდობზე გადის, მეორე კი - შავი ზღვის სანაპიროზე. ინჟინერ-მშენებლის ტადეუშ გაბრიშევსკის შეფასებით, ეს გვირაბები განკუთვნილია გასაქცევად, ან სიცოცხლის გადასარჩენად", – იუწყება The Business Insider.
2021 წლის 19 იანვარს ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში, მის მიერ დაარსებულმა "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი "პუტინის სასახლე", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის კორუფციულ სქემებს და კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკთან მდებარე სასახლის მშენებლობას ეხება. ფილმის პირველი ჩვენებიდან ერთი კვირის შემდეგ პუტინმა სტუდენტებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს სასახლე არც მას და არც მის უახლოეს ნათესავებს არ ეკუთვნის.