NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პირობას დებს, რომ უკრაინას NATO–სთან დააახლოებს.

"დღეს ჩვენ ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის. ჩვენ გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც ქვეყანას NATO–სთან დააახლოებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებისას.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსი გააკრიტიკა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ვილნიუსში მიემგზავრება NATO-ს სამიტზე დასასწრებად, უკმაყოფილოა გავრცელებული ცნობებით, რომ "სამიტის კულუარებში ფორმულირებებს უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ".

"უკრაინა აფასებს თავის მოკავშირეებს, საერთო უსაფრთხოებას და ღია საუბარს, ამიტომ უკრაინა NATO-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს უკრაინაც. ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, "უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO–ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად, დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ".

"როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO–ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად", – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბრებს.