წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში MAP-ის გადაცემის ეტაპი გაუქმდეს და ეს კარგი მომენტია, რათა სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, უფრო მეტი დეტალი გვითხრათ, სად არის ახლა მოლაპარაკების პროცესი“.
„ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წამოვაყენე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და ნატო-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან. მეორე იყო ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა, ხოლო მესამე ელემენტი იყო მაპის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთ საფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
წყარო საქართველოს პირველი არხი
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.
„ინტენსიური განხილვების შედეგად, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის გაუქმების შესახებ“, – წერს კულება „ტვიტერში“.