გერმანიას, ქვეყანაში არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით, "შეიძლება, საზღვრებთან დამატებითი ზომების მიღება მოუწიოს", განსაკუთრებით, პოლონეთის საზღვარზე, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ევროპასა და გერმანიაში ბევრი ადამიანი მოდის და მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა". გერმანია "პოლიტიკური თავშესაფრის უფლების ერთგული რჩება", მაგრამ ისინი, ვისაც არ აქვს მიზეზი, რომ მფარველობის იმედი ჰქონდეს, უნდა დეპორტირდნენ, ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა. ამასთან დაკავშირებით, მან, მთავრობის გეგმები ახსენა, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარება - რის შემდეგაც, აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული არალეგალი მიგრანტები, შეიძლება, ამ ქვეყნებში სწრაფად დააბრუნონ.

რაც შეეხება პოლონეთს, შოლცს, მისი თქმით, არ სურს, რომ ამ ქვეყანამ მიგრანტები გერმანიაში "უბრალოდ შეუშვას". ყველა, ვინც პოლონეთში ჩადის, უნდა იყოს რეგისტრირებული და ასევე, თავშესაფართან დაკავშირებული პროცედურა გაიაროს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მან, ასევე, პოლონეთის მთავრობას მოუწოდა, განემარტა შენგენის ვიზების შესაძლო გაცემა აფრიკიდან და აზიიდან განმცხადებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორების სანაცვლოდ.

ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ ფრიდრიხ მერცმა, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას, შოლცს მოუწოდა, თავის პარტიასთან ერთად, მოძებნოს გამოსავალი. "თუ ამას "მწვანეებთან" (SPD-ის მმართველი კოალიციის პარტნიორები) ერთად ვერ გააკეთებთ, მაშინ გამოაგდეთ ისინი და ჩვენ გავაკეთებთ ამას, თქვენთან ერთად - მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ", - ციტირებს dpa მერცს. SPD-ისა და CDU-ს წინასაარჩევნო მიტინგები, ბავარიაში, 8 ოქტომბერს დაგეგმილ სახელმწიფო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა.