გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის აზრით, რუსეთში გასულ კვირას მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხმა ვლადიმირ პუტინი დაასუსტა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველი რჩება. ამის შესახებ შოლცმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს მოწმობს იმას, რომ ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალოვან სტრუქტურებში არის ბზარები და რომ ის {პუტინი} სავარძელში ისევე მყარად სულაც არ ზის. ვფიქრობ, რომ ის დასუსტებულია", - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია, მისივე თქმით, გერმანია ფრთხილად იმოქმედებს.
"რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ სახიფთო სიტუაციებს - ეს კი სახიფათო სიტუაციაა", - თქვა შოლცმა.
ამ კონტექსტში კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან თავი დაიცვას. მანვე თქვა, რომ მათი მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა.
შოლცმა კომენტარი არ გააკეთა, თუ რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს პუტინი ხელისუფლებაში „ვაგნერელების“ ამბოხის მცდელობის შემდეგ.
"მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო რაღაც სპეკულაციებში იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შესაძლოა, იყოს დიდი ხნის განმავლობაში, ან შესაძლოა, მცირე ხნით, ჩვენ არ ვიცით" - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, კრემლში ხელისუფლების ცვლილება, შესაძლოა, არ იყოს კარგი ვარიანტი. "ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ მოვა თუ არა უკეთესი ან უარესი", - დასძინა ოლაფ შოლცმა.