გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. ამის შესახებ მან Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში განაცხადა.
"საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან: ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან. და ეს არის ის, რისთვისაც რუსეთი აშკარად ჯერ არ არის მზად“, - განაცხადა შოლცმა.
მისი ხედვით, ვლადიმირ პუტინთან დიალოგის წარმოებას აზრი აქვს და ის ამის გაკეთებას გააგრძელებს:
„ამჟამინდელ ვითარებაში მასთან საუბარი საჭიროა, რაც წარსულში მე გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ“, - დასძინა კანცლერმა.
მანამდე Reuters წერდა, რომ გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, დათანხმდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას მომავალ წელს 8 მილიარდ ევრომდე.
გერმანია უკრაინის მთავარი მოკავშირეა ევროპაში. კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობით ის მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.