შინაური კატა მკვლევრებს ვირუსის ახალი შტამის გამოვლენაში უკვე მეორედ დაეხმარა. მათ პათოგენებს მის მიერ პატრონისთვის მიტანილ მკვდარი ცხოველების ლეშში მიაგნეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Microbiology Resource Announcements გამოქვეყნდა.

ამ შემთხვევაში ეს Blarina peninsulae-ს სახეობის ძუძუმწოვარი ბიგა იყო, რომლის სხეულიც კატამ პატრონს მიუტანა. მან და მისმა კოლეგებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და ნიმუში შეისწავლეს. შედეგად მათ აქამდე უცნობ ორთორეოვირუსს მიაკვლიეს.

ამ ტიპის ვირუსების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ცნობილია, რომ ისინი ზოგჯერ ბავშვებში გამოხატულ გასტროენტერიტთან და მენინგიტთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს იშვიათია. მეცნიერები ამბობენ, რომ ძუძუმწოვრებში არსებული ორთორეოვირუსები თავდაპირველად დაავადებებთან არ იყო ასოცირებული. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ისინი რესპირატორული, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამოწვევაში მონაწილეობს.

სპეციალისტებმა ახალი ვირუსის გაშიფრული გენომი გამოაქვეყნეს და იმედოვნებენ, რომ მის შესახებ მეტს გაიგებენ.

"მეცნიერი კატის" მეშვეობით პირველი შტამი კი გასულ წელს აღმოაჩინეს და ის თაგვში არსებული ჯეილონგვირუსი იყო (GRJV1). მას პრიმატებისა და სხვა ძუძუმწოვრების უჯრედების ინფიცირება შეუძლია, ანუ გავრცელების პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ენდემური შტამების შესწავლა მნიშვნელოვანია.