შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში მდებარე ჰუსიტების ბაზები დაბომბეს. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს რაკეტებით და დრონებით თავს ესხმის.
მედიასაშუალებები ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამიზნეები იყო ჰუსიტების სამხედრო ბაზები და უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და სხვა იარაღის საწყობები.
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკის განცხადებით, აშშ და მისი პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ საფრთხის ქვეშ იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი.
საპასუხოდ, ჰუსიტების წარმომადგენელმა, გენერალმა აბდუსალამმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ".
მანამდე, 9 იანვარს იემენელმა მეამბოხეებმა 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით და დრონით შეუტიეს წითელ ზღვაში მყოფ გემებს. თავდასხმა ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ მოიგერიეს.
შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთმა მოითხოვა, რომ დღეს, 12 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდეს.