ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ. ამის შესახებ მან კიევში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“10 წლის წინ უკრაინელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა თავისი ევროპული მომავალი დაეცვათ, რათა კორუფციასთან ებრძოლათ, რათა ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ებრძოლათ.თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეთ, და აგრძელებთ ევროკავშირთან მიახლოებას. უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკს არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის", – განაცხადა მიშელმა.
მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება და ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს გრძელვადიანი, რთული პროცესია, მაგრამ ეს მუშაობა უნდა გრძელდებოდეს, განსაკუთრებით ასეთ დროს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ”, - მიმართა მიშელმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.