ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმიანება პარლამენტში "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს.
"მინდა, გარკვევით ვთქვა: ეს კანონი პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მან Euronews-თან საუბრისას.
"კითხვაზე, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო, მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერ განვითარებას ექნება გავლენა იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს", – იუწყება Euronews.
"გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს", - ამბობს მიშელი და დასძენს, რომ "თუ ისინი კენჭს უყრიან კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე".