სეულის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჰან დუკ სოს, ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაში მიღებული წვლილისთვის 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ჰანი აქტიურად მხარს უჭერდა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას და მონაწილეობას იღებდა მის მიღებაში.
პროკურატურა ჰანისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ითხოვდა.
"სამხედრო მდგომარეობის მიზანი იყო, ძირი გამოეთხარა კონსტიტუციური წესრიგისთვის" – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო მომავალ თვეში განაჩენს გამოუტანს ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს.
იუნმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.
2025 წლის აგვისტოში სამხრეთ კორეაში ფინანსური აქციების მანიპულაციისა და კორუფციის ბრალდებით ასევე დააკავეს ყოფილი პირველი ლედი, კიმ კიონ ჰე.
ბრალდების მიხედვით, კიმმა დაარღვია კაპიტალური ბაზრისა და ფინანსური ინვესტირების კანონები, ასევე, პოლიტიკური მიზნით გამოყოფილი ფონდებთან დაკავშირებული კანონები




