სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს საკითზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა კოსოვოს გადაწყვეტილების გამოა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეთნიკური სერბებით დასახლებულმა ჩრდილოეთმა სერბული დინარის გამოყენებაზე უარი თქვას და ევროს გამოყენება დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროპის კავშირის წევრი არ არის, ქვეყნის უდიდეს ნაწილში ევრო  გამოიყენება.

ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე მიტროვიცას ოლქის 4 მუნიციპალიტეტში (ჩრდილოეთ მიტროვიცა, ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ-პოტოკი) მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები წარმოადგენენ.

კოსოვოს ცენტრალური ბანკის მმართველის, აჰმედ ისმაილის განცხადებით, ამჟამად კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე მუნიციპალიტეტებში 4 ბანკი და 15 ფინანსური ინსტიტუტი იყენებს სერბულ დინარს. ახალი წესების თანახმად, აღნიშნულმა ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგადაც ისინი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ევროში შეძლებენ.

დასავლეთის ლიდერებმა კოსოვოს გადაწყვეტილების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ტერიტორიაზე დინარის აკრძალვა, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს.