პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში 28 და 31 მაისს ჩატარდა საჯარო დებატები სიღნაღისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების ჩართულობით, გარემოსდაცვით თემატიკაზე. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიარეს 2-დღიანი ტრენინგები დებატების ტექნიკაში, რის შედეგადაც მათ მიღებული ცოდნა საჯარო დებატზე გამოავლინეს.

პროექტი ხორციელდება დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტი დაიწყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან თანამშრომლობით და მოიცავს საჯარო გამოსვლებისა და დისკუსიების სერიას, რომელიც საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის 14-29 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს.

პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდებს (14-29 წლამდე) ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაეუფლონ თანამედროვე მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, სრულიად უსასყიდლოდ, საერთაშორისო ტრენერების მიერ, ქართულ ენაზე. პროექტში მოხვედრილი ახალგაზრდები შეისწავლიან დებატების ტექნიკას სრულფასოვნად და უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა, პრეზენტაციების ჩატარება, ლოგიკური მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა. ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და მათ ხელს შეუწყობს აკადემიურ სწავლებასა და ნებისმიერ სფეროში კარიერულ წინსვლაში.

პროექტი ერთდროულად აერთიანებს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზდების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.