ისლამაბადის სასამართლომ პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დამნაშავედ ცნო და თაღლითობის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
იმრან ხანს ბრალად ედებოდა პაკისტანის სახელმწიფო საგანძურში შენახული 52 ძვირფასი ნივთის გაყიდვა და ძვირად ღირებული საჩუქრების შესახებ ინფორმაციის დამალვა. მოქმედი პრემიერი შაჰბაზ შარიფი აცხადებდა, რომ იმრან ხანმა დუბაიში 630 ათას დოლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი ძვირფასი ნივთები გაყიდა.
თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფდა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. მიმდინარე წლის მაისში მის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა.