ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მას ისრაელში შესვლა აუკრძალა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს 105 ქვეყნის პროტესტი მოჰყვა.
გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადების გამო, რომლითაც გენერალური მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ვგმობთ ამ განცხადებას. ასეთი ქმედებები ძირს უთხრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნარს შეასრულოს თავისი მანდატი, რომელიც მოიცავს კონფლიქტების შუამავლობას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ნათქვამია საპროტესტო განცხადებაში, რომელსაც ხელს 105 ქვეყანა აწერს.
ხელმომწერი ქვეყნების სიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს ტუნისელ-ამერიკელი ჟურნალისტი რამი აიარი - „ალ ჯაზირას" წარმომადგენელი გაეროს შტაბ-ბინაში.
ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვები. ევროპული ქვეყნების ერთი ნაწილი, კერძოდ, ანდორა, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია, ესპანეთი, ისლანდია, ირლანდია, თურქეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩრდილო მაკედონია, პროტესტს უერთდება, მეორე ნაწილი, კერძოდ კი ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, იტალია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონაკო, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, პროტესტზე ხელმომწერთა შორის არაა.
104 #UN Member States and the African Union issue letter expressing support for #UNSG @antonioguterres in response to #Israel declaring him persona non grata. @ChileONU initiated the effort which "urges all parties to engage constructively with the United Nations to seek a… pic.twitter.com/ixNKquyDV0
— Rami Ayari (@Raminho) October 11, 2024
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში პოსტით თავის გადაწყვეტილებას იცავს.
აკრძალვა ირანის სარაკეტო თავდასხმის დაუგმობლობამ, აგრეთვე მისმა ანტისემიტურმა და ანტიისრაელურმა ქცევამ განაპირობა. გადაწყვეტილებას მხარს ისრაელელთა თითქმის 90% უჭერს. გუტერეშს შეუძლია განაგრძოს ხელმოწერების შეგროვება გაეროს წევრ ქვეყნებს შორის. გადაწყვეტილება არ შეიცვლება - წერს ისრაელ კაცი.