მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის სიახლოვეს. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ათენის ცენტრამდე მიაღწია. რამდენიმე ბერძნული სოფელი და ქალაქი უკვე ევაკუირებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანებული შენობა-ნაგებობების თაობაზე.

ზოგიერთი ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა, ხანძრის მოახლოების მიუხედავად, უარი თქვა ევაკუაციაზე და ცეცხლთან გამკლავებას ეზოს წყლის რეზინის მილებით ცდილობდნენ.

სააგენტო AFP-ს ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 29 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 110 სახანძრო ავტომანქანა, ასეულობით მეხანძრე და მრავალი მოხალისე.