რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. გამოცხადდა საჰაერო განგაში. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში.

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ავტომობილები იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ სოლომენსკის რაიონშიც. კლიჩკომ კიეველებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმისთვის რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან აფრინდნენ რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3.