ტულის რეგიონის ეფრემოვის საოლქო სასამართლომ, 27 მარტამდე შინაპატიმრობაში გაუშვა ალექსეი მოსკალევი, სკოლის მოსწავლის მამა, რომელმაც ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. ამის შესახებ OVD-Info მოსკალევის ადვოკატ ვლადიმერ ბილიენკოზე დაყრდნობით წერს.

მეურვეობის ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახლში დააბრუნებდნენ მოსკალევის 13 წლის ქალიშვილ მაშას, რომლის ნახატმა, 2022 წლის გაზაფხულზე, ომის საწინააღმდეგო პათოსის გამო, სკანდალი გამოიწვია. იგი ბოლო ორი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ "ახალგაზრდობაში" იმყოფებოდა. ალექსეი სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდის ქალიშვილს - გოგონას დედა სხვა ქალაქში ცხოვრობს.

2022 წლის აპრილში, ქალაქ ეფრემოვის მე-9 სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილზე, მეექვსე კლასელებს მისცეს დავალება, დაეხატათ ნახატები უკრაინაში რუსული ჯარების მხარდასაჭერად. მაშა მოსკალევამ ორი დროშა დახატა - რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის. პირველზე მან დაწერა "არა ომს", მეორეზე - "დიდება უკრაინას". სკოლის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა, მეორე დღეს გოგონა მამასთან და თანამშრომლებთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი სკოლაში FSB-ს თანამშრომლები მასთან "სასაუბროდ" მივიდნენ.

თავად ალექსეის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შედგა მუხლით "საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ", რაც გულისხმობდა მის ანტი-საომარ კომენტარებს სოციალურ ქსელებში. 30 დეკემბერს მოსკალევის ბინა გაჩხრიკეს და FSB-ის თანამშრომლებმა, მოსკალევის თქმით, ოჯახს ყველა დანაზოგი წაართვეს. ამის შემდეგ, მამაკაცმა და მისმა ქალიშვილმა ეფრემოვი დატოვეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ვლადიმერ ბილიენკომ თქვა, რომ მოსკალევი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. 2023 წლის 1 მარტს პოლიციამ ის დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსა.

ალექსეი მოსკალევს "დისკრედიტაციის" საქმეზე სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მან საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა.

2022 წლის მარტში რუსეთში მიიღეს მუხლები, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა საჯარო ანტისაომარი პოზიციისთვის. ეს არის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლი ("რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის საჯარო გავრცელება"), რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.3 მუხლი ("საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ") და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 284.2 მუხლი ("მოწოდებები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების შემოღების შესახებ"). უფლებადამცველი ჯგუფ "აგორას" ხელმძღვანელის პაველ ჩიკოვის თქმით, იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლოებმა, რუსული არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით დაახლოებით 3500 საქმე განიხილეს. თითქმის ყველა შემთხვევაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს.

OVD-info წერს, რომ 2022 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, ანტისაომარი პოზიციის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულთა შორის, სულ მცირე, შვიდი არასრულწლოვანი იყო.