კვირას, 28 მაისს, ღამით, რუსეთმა კიევზე საჰაერო დარტყმები დაიწყო, რაც, როგორც კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, მთელი ომის განმავლობაში, ყველაზე მასიური დარტყმა იყო. ქალაქის მასშტაბით უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე ტალღა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კიევში 54 Shahed - კამიკაძე დრონი გაუშვეს, რაც ომის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მათგან 52 ჩამოაგდეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაიღუპა 41 წლის მამაკაცი, დაშავდა 35 წლის ქალი, დაზიანდა რამდენიმე შენობა. უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გოლოშეევსკის რაიონში, ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად, ხანძარი სამსართულიან საწყობს გაუჩნდა, დაიწვა დაახლოებით 1000 კვ.მ. სამშენებლო კონსტრუქციები. დასავლეთით, სოლომენსკის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ქალაქის ცენტრში, პეჩერსკის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
Reuters-ის კორესპონდენტების ცნობით, საჰაერო თავდასხმის დროს, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე მოქალაქე აივანზე იდგა და "დიდება საჰაერო თავდაცვას" ყვიროდნენ. საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ადგილობრივი დროით 6:00 საათის შემდეგ გაუქმდა.
კვირას კიევი ქალაქის დღეს აღნიშნავს - 1541 წელს დაარსების დღიდან. ამ დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩვეულებრივ, იმართება ხოლმე ბაზრობები და კონცერტები. ისინი წელსაც იგეგმება, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით.