რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანზე დაყრდნობით ბელგოროდში ჩამოვარდნილი IL 76-ის ბორტზე თითქოსდა მყოფი უკრაინელი ტყვეების სიას აქვეყნებენ
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დილით, დაახლოებით 11 საათზე მოსკოვის დროით, ბელგოროდის ოლქში უკრაინამ ჩამოაგდო IL 76, რომლის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე, მათი ზედამხედველი 3 რუსი სამხედრო და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
უკრაინის სააგენტოებმა თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში სამხედროებში წყაროზე დაყრდნობით აღნიშნეს, რომ IL 76-ს რაკეტები გადაჰქონდა და მასზე დარტყმა უკრაინამ განახორციელა, მოგვიანებით კი დაწერეს, რომ სხვა წყაროებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას. მას ამ დრომდე სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსული მხარე კვლავ აგრძელებს მტკიცებას, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს და მასში უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ. კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა თავის ტელეგრამის არხზე იმ 65 უკრაინელი ტყვის სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, ჩამოგდებულ თვითმფრინავში იყვნენ და უკრაინელების დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
ტელეგრამის არხი „მარიუპოლი ახლა" მარგარიტა სიმონიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას 3 იანვარს რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 230-კაციან სიას ადარებს და წერს, რომ სიებში სულ მცირე 17 კაცის მონაცემების თანხვედრაა.
უცნობია, 230-კაციანი სიაა არაზუსტი, თუ მარგარიტა სიმონიანის მიერ გამოქვეყნებული და რუსული სააგენტოების მიერ ტირაჟირებული 65-კაციანი სია.