ამის შესახებ რუმინული მედია იუწყება.

რუმინეთის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა ყველაზე დიდმა, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, სამთავრობო კოალიცია ერთი კვირის წინ დატოვა. გუშინ პარტიის ლიდერებმა გამოკითხვებში პირველ ადგილზე მყოფი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“, ლიდერებთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადეს (AUR), რომ ერთად წარადგენენ განცხადებას პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შესახებ.

მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას დეპუტატთა ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, რუმინეთის პარლამენტის 465 დეპუტატიდან კი ზემოაღნიშნულ ორ პარტიას 220 დეპუტატი წარმოადგენს. მაშასადამე, მთავრობის გადასაყენებლად მათ პატარა პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა ესაჭიროებათ. 

დღეს, „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“ ლიდერმა, ევროსკეპტიკოსმა ჯორჯ სიმიონმა, განაცხადა, რომ პარლამენტის ბიუროში დაარეგისტრირეს განცხადება, რომელსაც ხელს 254 დეპუტატი აწერს.

რუმინელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკვე აღარაფერი შეიცვლება და პარლამენტის 5 მაისის სხდომაზე დეპუტატები ილიე ბოლოჟანის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას დაუჭერენ მხარს.

მთავრობის გადადგომის შემდეგ შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი რომელიმე ლიდერს დაავალებს ახალი კოალიციის ჩამოყალიბებას, თუმცა, როგორც ჯორჯ სიმიონი აცხადებს, ნიკუშორ დანი არ დაუშვებს ხელისუფლებაში მისი პარტიის მოსვლას და დაინიშნება ახალი არჩევნები.

„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ არჩევნების სამართლიანობა ნებისმიერი მთავრობისთვის, რომელსაც შეუძლია მათი ჩატარება. 2024 და 2025 წლებში სამართლიანი არჩევნები არ ყოფილა“, - აცხადებს ჯორჯ სიმიონი, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული და მეორე ტურში ნიკოშურ დანთან დამარცხებული ჯორჯ სიმიონი.