პაპმა ლეო XIV-მ გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ის ომის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლეო XIV მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, მას "არ მოსწონს პაპი, რომლისთვისაც ბირთვული ირანი მისაღებია".
ალჟირში ჩასვლამდე პონტიფექსმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქრისტიანული სწავლების "ბოროტად გამოყენება" ხდება.
ტრამპთან დაკავშირებით პაპმა თქვა, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტთან "დებატებში შესვლა არ სურს".
"არ მგონია, რომ სახარების სწავლება ბოროტად უნდა გამოიყენებოდეს ისე, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს." - დაამატა მან.
"მე გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოსვლას, მშვიდობის ხელშეწყობის მცდელობას, სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და მრავალმხრივი ურთიერთობების წახალისებას, რათა პრობლემების სამართლიანი გზით გადაჭრა გამოვნახოთ," - აღნიშნა ლეო XIV-მ.
"დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრ უდანაშაულო ადამიანს კლავენ და, ჩემი აზრით, ვიღაც უნდა წამოდგეს და თქვას: 'უკეთესი გზაც არსებობსო'." - თქვა მან.
"ეკლესიის, ჩემი და სახარების გზავნილია: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. არ მიმაჩნია, რომ ჩემი როლი პოლიტიკურია," - განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 13 აპრილს სოციალურ ქსელში ლეო XIV-ს მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც პაპმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის ომს ირანში "ყოვლისშემძლეობის ილუზია" აძლიერებს.
"პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში... მე არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია" - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა.




