მე ირანში დავბრუნდები. ჩემო მამაცო თანამემამულეებო, ახლავე გვჭირდება თქვენი სასწრაფო დახმარება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ირანის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა“.

„მმართველი რეჟიმი დაჭრილი ცხოველივით ისვრის, სასოწარკვეთილი ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რადგან ის დაშლის პირასაა. დღეს, როდესაც ჩემი თანამემამულეები ლიდერობისკენ მომიწოდებენ, ვადასტურებ ჩემს პირობას, ჩავერთო მოძრაობის სათავეში, რომელიც დაიბრუნებს ჩვენს ქვეყანას ანტიირანული მტრული ძალისგან“, – განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

ამასთან, ფეჰლევიმ აღნიშნა, რომ მსოფლიომ აუცილებლად უნდა გააკეთოს ექვსი რამ:

„დაიცავით ირანელი ხალხი რეჟიმის რეპრესიული შესაძლებლობების დაკნინებით; განახორციელეთ და შეინარჩუნეთ მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა რეჟიმზე; შეუზღუდავ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა; გააძევეთ ირანელი დიპლომატები დედაქალაქებიდან და გაატარეთ სამართლებრივი ზომები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენი პირების წინააღმდეგ; მოითხოვეთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება; მოემზადეთ ირანში დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისთვის, ვალდებულების აღებით, რომ აღიაროთ ლეგიტიმური გარდამავალი მთავრობა, როდესაც ეს მომენტი დადგება“, – განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

რეზა ფეჰლევმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა ირანის მთავრობა არ არის და ის ადრე თუ გვიან დაეცემა. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებამ აქციების დროს ასობით ადამიანი მოკლა.

„ეს აღარ არის უბრალო რეპრესია, ეს არის უცხოური ოკუპაცია, რომელიც სასულიერო სამოსში გამოწყობილია. ისლამური რესპუბლიკა დაეცემა“, – განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

თარგმანი: პირველი არხი