ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერები გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა პირდაპირ არ ჩაერთვება ისრაელთან მიმდინარე ომში. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თქვენ არ გაგიფრთხილებივართ 7 ოქტომბერს ისრაელზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, ჩვენ არ ჩავერთვებით ომში თქვენი სახელით",- განუცხადა ხამენეიმ "ჰამასის" ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ნოემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე.
წყაროს ცნობით, ხამენეი "ჰამასის" პოლიტბიუროს ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა. ირანის ლიდერმა ჰანიეს უთხრა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს "ჰამასის" პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, თუმცა მისგან ჰამასის იმ წევრების დაოკება მოითხოვა, რომლებიც ირანისგან და "ჰეზბოლასგან" ომში ჩართვას მოითხოვენ.
ამავე წყაროების ცნობით, "ჰამასის" თავდასხმა მოულოდნელი იყო ჰეზბოლასთვისაც, რომლის დანაყოფებიც ისრაელის საზღვართან არ იყვნენ საბრძოლო მზაობის მდგომარეობაში.
"ჩვენ გავიღვიძეთ იმით, რომ ომი დაიწყო",- განაცხადა "ჰეზბოლას" წევრმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.