ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს დაუჭერს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით დანიშვნას. ამის შესახებ Reuters-ს გერმანიის მთავრობის წყაროებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს.
მოსალოდნელია, რომ შოლცის მთავრობა მხარს დაუჭერს ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, თუმცა ეს საჯაროდ არ გამოცხადებულა.
როგორც Reuters აღნიშნავს, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი 13 ქვეყნის ლიდერის მხარდაჭერით, რომელსაც ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ასევე გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, პოლიტიკოსს ექნება საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა - 15 ხმა (27-დან).
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელსაც სურს ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას ევროკომისიის პრეზიდენტად , სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს უჭერს მხარს.
ამავდროულად, თავად მიცოტაკისმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევაში და მას მხარს უჭერს.
ხუთშაბათს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომავალ ორშაბათს ურსულა ფონ დერ ლაიენი არ არის მიწვეული ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე, სადაც განიხილება ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა.
მანამდე Politico-მ, წყაროებზე დაყრდნობით, ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციების სავარაუდო განაწილებაზე დაწერა. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას კვლავ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს, ევროპარლამენტს კი რობერტა მეცოლა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა შესაძლოა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე გახდეს და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლოს პოსტზე შესაძლოა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაინიშნოს.