Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის მიერ წარდგენილი სამშვიდობო წინადადებით. ამის შესახებ გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა. 

მანამდე Axios ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის რეჟიმმა აშშ-ს ახალი წინადადება წარუდგინა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დამთავრებას მოიცავს, თუმცა, გეგმის ფარგლებში თეირანს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადადება სურდა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის მიხედვით, რომელიც 27 აპრილს პრეზიდენტ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ არის ინფორმირებული, ტრამპი ირანის წინადადებით უკმაყოფილო სწორედ ბირთვული საკითხის განხილვის გადავადების წინადადების გამო იყო. 

გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის მიხედვით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატია ჩიხში შევიდა, ირანის მმართველ წრეებში კი განხეთქილებაა იმის შესახებ, თუ რა სახის დათმობები უნდა განიხილებოდეს აშშ-სთან მოლაპარაკებებზე.