3 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, გამოაცხადოს უკრაინის 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, იუწყება Reuters ორი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

დახმარების მოსალოდნელი პაკეტი მოიცავს ლაზერულ საბრძოლო მასალებს რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად, რომელთა ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. მოსალოდნელია, რომ არ იქნება ATACMS რაკეტები. ამავდროულად, პაკეტი შეიცავს NASAMS და HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას, 105 და 155 მმ ჭურვებს, TOW ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, "კლეიმორის" ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ცეცხლსასროლ იარაღს და ათეულ სატვირთო მანქანას.

დახმარების პაკეტი ყალიბდება და მისი შიგთავსი შესაძლოა, შეიცვალოს, აღნიშნავს – Reuters.

რუსეთის შემოჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას გადასცა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო საშუალებები.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. სხვა საკითხებთან ერთად, პაკეტში შედიოდა ორი TRML-4D სარადარო სისტემა IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემაში და 12 ჯავშანტრანსპორტიორი.