გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო აღარ არის მსოფლიო უსაფრთხოების გარანტი, არამედ იქცა ბრძოლის ველად ხუთი ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგიისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ წინაშე არსებული სურათი გვიჩვენებს, რომ გლობალური მასშტაბით უფრო საშიში გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებზე ომმა სერიოზული პრობლემები შექმნა ყველა სფეროში, ეკონომიკიდან უსაფრთხოებამდე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე საუბრისას, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული ხიდის უზრუნველყოფისთვის, რომ გლობალური შიმშილის რისკები განეიტრალდეს. თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სირიაში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ „თურქეთი დაიღალა მათი თვალთმაქცობით, ვინც ისლამურ სახელმწიფოს და მსგავს ორგანიზაციებს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ფრონტად იყენებს, განსაკუთრებით სირიასა და ერაყში“.
ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მუდმივი მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტით მიიღწევა.
თარგმანი: საქართველოს პირველი არხი.