ისრაელმა და პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ „ჰამასმა" მძევლების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას. სანაცვლოდ „ჰამასმა" მძევლების გათავისუფლება უნდა დაიწყოს.
რას ითვალისწინებს შეთანხმება
კატარის ცნობით, რომელიც მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყების დრო 24 საათში გამოცხადდება.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში მძევლად მყოფი 50 სამოქალაქო პირის, ქალების და ბავშვების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელი ქალების და ბავშვების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ.
მძევლები 4 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდნენ და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება.კატარის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება შეთანხმების რეალიზაციის შემდეგ ეტაპებზე.მისივე ინფორმაციით, „ჰუმანიტარული პაუზის“ დროს გაიზრდება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
რას ამბობს ისრაელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა მძევლების დაბრუნების მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი.
გეგმის პირველი ეტაპის თანახმად, სულ მცირე, 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზას სექტორში 200-ზე მეტი მძევალია.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ისრაელის მთავრობა, არმია და უსაფრთხოების სამსახური განაგრძობენ ბრძოლას, რათა სახლში დააბრუნონ ყველა მძევალი, დაასრულონ „ჰამასის“ ლიკვიდაცია და უზრუნველყონ, რომ ისრაელის სახელმწიფოს ღაზიდან ახალი საფრთხე არ შეექმნას.
რას ამბობს "ჰამასი"
თავის მხრივ, „ჰამასი“ აცხადებს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის - ქალების და არასრულწლოვანების გათავისუფლებას.